წამიყვანა ტყის ჯურღმულმა, ტყის სიმწვანემ წამიყვანა,
გადმიშალა ხის რტოთა და ბალახების მწვანე ყანა...
დაუბერა ნელმა სიომ, ვარდს მოჰპარა ცის მანანა,
და რტოები, ხის რტოები მიაქანა, მოაქანა: -
„ნანა-ნანა“...
ალეანდრას ბალახებში ძეწნამ ტოტი დააფარა,
ვეღარ დასწვდა და მწუხარემ ისევ სიოს დააბარა:
„ნუ ცახცახებ, არ განახვებ მზის თეთრ სხივებს... არა, არა...“
ალეანდრა ისევ შეკრთა და ცრემლებად დაიღვარა:
„კმარა, კმარა!“
შემდეგ ცელქმა ტყის ფერიამ, ღმერთო! რა არ განიზრახა,
ჯერ გაშიშვლდა და როდესაც ტბაში თავის ტანი ნახა,
სულ გაკვირდა... მერე მოსწყდა და როდესაც დამინახა,
შეჰკივლა და მიიმალა და ჯაგიდან დამიძახა:
„ხა, ხა, ხა, ხა!“
მუხის ჩრდილ ქვეშ მიმეძინა და ფოთლები პეპლებივით
მეცემოდენ მთელ სახეზე, აღგზნებულზე, სიზმრის სხივით...
და მესმოდა ფოთოლთ ჰანგი: „ჩვენ არ ვკვნესით, ჩვენ არ ვჩივით...
ნიავივით, ნიავივით, ტყეში ვცხოვრობთ, ტყეში ვღვივით
ნიავივით!“
ვიყავ ჩუმი, ვიყავ ჩუმი და ვხედავდი ცის ლურჯ ტატნობს
და ვფიქრობდი ნათელ ფიქრით ფიქრებს ძნელად გამოსაცნობს,
და ფიქრობდა ნათელ ფიქრს ტყე, და იდუმალ ნაფიქრ-ნაგრძნობს
ჩემს ფიქრებში მოგონება ეხლა აფრქვევს, ეხლა ადნობს,
ნაფიქრ-ნაგრძნობს...
ვიყავ ჩუმი და მესმოდა იდუმალი სიმთა ჟღერა,
სევდიანი იყო ჰანგი და მეც გული ამიძგერა.
დავიმღერე: მესმის, მესმის... და ვერ დავთმობ, ვერა, ვერა!
და სიჩუმემ ნიავივით გამომძახა: მჯერა, მჯერა
ეგ სიმღერა.
1913