Litclub.ge

უდაბნო
სიყმაწვილეში მე ვჭკნებოდი, როგორც ფოთოლი,
ობოლი ვიყავ მე მაშინაც, სულით ობოლი;
ჟამი მიჰქროდა ახალი დღით განრინებული,
არ მშვიდდებოდა ჩემში მაინც გული ვნებული.
დღესაც მარტო ვარ, სიყვარულის არ მესმის ნანა.
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა მთელი ქვეყანა,
მოვკვდე და გული ვის დავსწყვიტო, ვინ დავაობლო?
ჩემთვის მარტოდენ უდაბნოა ჩემი სამშობლო.
რად მინდა მივსწვდე მიუწვდომელს, ვრცელს და უსაზღვროს?
ჩემს უდაბნოს ვერ გავსცილდები მაინც ვერასდროს.
მეგობრობაში, სიყვარულში, შურში, მტრობაში,
მარტო ვიქნები და რა ვპოვო მარტოობაში?
ვიმღერო? მაგრამ ჩემთვის რაა ჩემი სიმღერა?
წუთით მიტაცებს, სამუდამო წყლულს ვერ შლის, ვერა!
და თუ შორს ვინმე ტკბება ჩემი სევდიან ხმებით,
ის ჩემს ხმებს მიჰყავს... მე ვის წავყვე ჩემის წამებით?
ან მეგობარის თუ მომესმას ნეტარი ხმობა,
შემეძლება კი სიყვარული და მეგობრობა?
არცა თუ მცირედ შეუდგა გულს სევდა-ნაღველი,
რომ კვლავ შემეძლოს ზეცისაკენ აღვაპყრო ხელი.
ო, სად ხარ, სადა, უჩვეულო რაიმე ძალო,
სიცარიელის შავი ნისლი რომ გამაცალო!

1913