მე მხიბლავს ეს ქანდაკება, ზღვა-აღმაფრენით ტყვემქნელი -
ვაგნერი, წმინდა, ვით ზეცა და ბნელი, როგორც ქვესკნელი.
ვაგნერი, დისსონანსების მშვენიერებათ შემქნელი,
ნელი-ნელ მატყვევებელი, ამღელვებელი, მვნებელი.
მე მესმის წყნარი შრიალით ქაოსი ქვეყნის შექმნის დროს
და აღმაფრენა შემქნელის, რომ ზეშთამგონელ წამს უსწროს
და სახე მელოდიების განცდით წამებულ-ვნებული
და მესიზმრება გრიგალი ბოროტად მიძინებული.
წარვლიან საუკუნენი და ყოველივე, რაც ხდება,
ისევე წყნარი დუმილით დავიწყებაში გაჩნდება:
მარად დამწველი ჰანგები ლოენგრინესი ცად მყვანის,
მწუხარე ამონაკვნესი იზოლდასი და ტრისტანის,
ამონაკვნესი, რომელსაც მომხიბვლელად ქმნის ზღვა-ვნება,
ჰანგი ახალის ძიების, სიმღერა ვალკირიების -
სამარადისო, დაუჭკნობ და წმინდა ძეგლად დარჩება.
1915