მოსვლას აპირებს წვიმა,
იგრძნეს ღრუბლების გემმა,
გაიწკრიალა სიმმა
შენი სახელი - ემმა.
გადატეხილი მეხით
ლამის დაღამდეს ბარემ,
დიდებისაკენ ფეხით
კიდეც გასწია მთვარემ.
ყალბი ბოგემა, აგერ,
სივრცეს უცქერის უვრცესს,
გავს ის ძაფებით ნაკერ
ძველი გაზეთის ფურცელს.
დაე, მფრინავი ლანდი
მიაქანებდეს ფოთლებს,
იყოს საღამო ზანტი,
მე კი გადავშლი ბოდლერს.
1916