Litclub.ge

კვნესის ვოლტორნი
კვნესის ვოლტორნი.
სადღაცა სტირის
ვიოლონჩელი.
ვიყავით ორნი
იქ, სადაც ირისს
იგრძნობდა ძველი
რაშელი, შელი.
მოცურავს ბინდი
მდინარის პირის
ნაზი და ნელი.
მე აღარ მინდა
დღეები წმინდა,
ვიცი, რას სტირის
ვიოლონჩელი.
ქროლვანი შორნი
ღამის გულ-ძვირის,
ფიქრები ძველი...
ტირის ვოლტორნი,
დაკარგულ გმირის
იმედებს სტირის
ვიოლონჩელი.

1916