ეს მე ვარ, ქარი, ეს მე ვარ, ქარი,
დავქრივარ ბარად, ვოცნებობ მზეზე...
ერთმევა ფერი ყვითელ არეებს...
მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.
აცივდა გარეთ, დაცავივდა ფარჩა,
აწვიმდა ყველგან, შხამთა მიზეზი:
მანტიით მხრებზე, თეთრი გვირგვინით,
ელვარე გზებით მოდის ზამთარი!
დამჭრეს! ეს მე ვარ! ეს მე ვარ, ქარი.
გამიღეთ კარი, გამიღეთ ჩქარა!
მე მომდევს ცივი საშინელება,
მე მომდევს ჩემი ცოდვილი გული.
ჩემთვის უცხოა სითეთრის რკალი
და ნათელივით არის აშკარა,
იუდას სახე, კაენის ლანდი
და ღამეების შავი გუგუნი.
მოდის ზამთარი, მოდის სიცივე,
მოდის სიკვდილი... ჰე, ლურჯა რაშო,
მედგრად, კივილით მოედე ტყეებს...
უსწორო იყოს შენი ავდარი!
შენთვის სამოთხედ გადაიშლება
ღამე უვნებო და ურიჟრაჟო.
ეს მე ვარ, მე ვარ, ეს მე ვარ, ქარი...
მე დაჭრილი ვარ, როგორც აფთარი.
მე ისევ მიყვარს დაღლილთა ცრემლი
და ბრძოლა, ბრძოლა მოუსვენარი,
ქარიშხლიანი მეხი და ელვა,
რისხვით მრისხანე ტალღებთან შებმა,
ყელამდე მოსულ ვარდების გროვა
და დამსხვრეული სწორი კენარი...
სხვა სიყვარულის მოგონებები,
დაე, აღმინთონ მოგონებებმა.
სანამდე დროშებს ეძებდა თვალი,
დროშები ქარში გაშალეს უცებ!
დღითა და ღამით, დღითა და ღამით
გრგვინვით ებრძოდენ ზარებს ზარები.
მოსკდა კიდეებს, გასცდა ნაპირებს
და გრიგალივით მოედო ქუჩებს,
სისხლის, ტალახის, ცეცხლის და წყალის
ზვირთი, ყველაფერს ნაზიარები,
იდუმალ ფიქრთა ჯაჭვაწყვეტილი,
აღელვებული მორევის ქაფი,
არეულ ჯურღმულთ აღმოჩინებით,
სავსე საზარლად მცურავი მკვდრებით -
მოედო ქალაქს, მოედო სოფლებს,
ისევ მონახა ბნელი სარდაფი.
შებოჭა ერთი მძლეველი ძალით
და გადალეკა აღფრთოვანებით.
დაეცა კრემლი! და ნაფოტებად
იქცა წარსულთა ტანჯვათ მიზეზი.
მე ვალმოხდილი ისევე ველი,
როგორ მოჰყვება ავდარს ავდარი.
ეს მე ვარ, მე ვარ, ეს მე ვარ, ქარი,
ვისვენებ ახლა, ვოცნებობ მზეზე,
ერთმევა ფერი ყვითელ არეებს
და მოკლული ვარ, როგორც აფთარი.
1918