მის სუფევას ვგრძნობ, როცა თვალთგან ცრემლები მდივა:
მეგობრად მყავდა დასახული მოსისხლე მტერი!
ფარულ ჯადოთი გზას რკალავდენ, როგორც ეკვდერი,
დალილას ლანდი, ვიქტორია, ლედი გოდივა.
მათი ხელებით დასრესილი ოცნებას სცვივა
გაზაფხულებად აფოთლების ხშირი ჩანჩქერი..
დაწყვეტილ ვარდებს ძალამოკლულ თვალით დავცქერი...
ო, რანაირი გულდაწყვეტით ბაღში მივდივარ!
აღმოხდა მთვარე! გაანათა უსივრცო ბაღი,
მაღალ ღეროზე გაიშალა გრძელი ზამბახი,
მაგრამ მის გაშლას სიხარულით არ ვეგებები:
ზამბახთა შორის ყრია თეთრი ქანდაკებები,
თეთრი ძეგლები, და იმათ ქვეშ ობლად მარხია
გული, უგონო სიყვარულმა რომ შეარყია...
1919