არ მეძინება. თვალბოროტი და აბეზარი
მღრღნის მწუხარება. ძლიერია სულში ანთება.
დუმილი ბნელი დამზუზუნებს როგორც მეზარე,
წარსულისაგან მე ნაცნობი ხმა მელანდება:
„ფიქრობ, ჩვენს შორის ყველაფერი თითქო გათავდა,
მშვიდ სამარეში გეგულები მშვიდი ცხედარი.
მაგრამ აქა ვარ. აქ ვიქნები განთიადამდე
შენი დემონი და სტუმარი გაუბედარი.
ახალგაზრდობა მოგიწამლე მძიმე შხამებით,
შენ საიდუმლო ჩემს გარეშე რა დაგრჩენია?
სული აგივსე ბურუსებით და შეღამებით,
მტრებს მორჩილებით მივაკუთნე შენი გენია.
მით ვარ ძლიერი, რომ არავის არ აპატია
ჩემმა ხელებმა ბედნიერი შენი შვენება,
იმით, რომ გულში უდაბნოა და აპატია,
იმით, რომ თვალებს არ ედებათ მზის გათენება.
ასე უძილოდ მიდის შენი ყოველი ღამე,
განუკურნელი მწუხარება აღარ გშორდება“.
1922