მასზე ჭორებმა დაღალა გონი,
თეატრს სცდებოდა გულის ნადები
პალატას აქეთ - фოჲე, სალონი
და პალატაში დეპუტატები.
ათასნაირი მითების ტუბო -
ის, უცნაური ბედის საცოლე,
რომ ყვავილებით მორთული კუბო
მისთვის რჩეული არის საწოლი.
უყვარდა ბევრი.. ამბავთა მფენი
და ლაზღანდარათ გულის წამალი,
წინად უყვარდა დენდი რიშპენი,
ეხლა არტისტი უყვარს ლამალი.
აჰ, გრიმი, გრიმი! მაგრამ აქ პოებს
მოგონებათა ბედნიერებით,
რომ ბავშობაში, სადღაც, ლევკოებს
მზის ჩასვლა მოსავს მკრთალი ფერებით.
შემდეგ მიმიკა! მაგრამ ოცნება
მიქრის იქ, სადაც მონასტერია,
არ იშლებიან იქ კოცონები,
იქ არც ქალაქის ფილისტერია.
მაგრამ, იწყება. ასწიეს ფარდა: -
მის წინ კარპიის არის ცხედარი,
ქალის თვალებში იშლება ვარდი,
გრძნობათა ცეცხლი გაუბედარი.
იდგა მუხლმოყრით და ცრემლებს ღვრიდა,
სასოწარკვეთა და გრძნობა ძველი.
იყო ოცნება - ხან მარგარიტა,
ხან კლეოპატრა, ნილოსის გველი.
რა ფერებია. - გრძნობათ სეირად
და ისე, როგორც მწვანე სურათებს
ხატავს დჟორდანო და რიბეირა
მწვანე ფერების კორიანტელი.
შიპრის სურნელი; იები პარმის.
თითქო ათასი არის ზმანება -
მოეფინება ოცნება დარბაზს
და ოვაციის ატორტმანება.
აჰ, გრიმი, გრიმი! ლევკოებს ისე
აღარ აღელვებს გრძნობათა ქარი -
იქნება მშვიდი ნინო ჩხეიძე,
თუ ანთებული სარა ბერნარი.
1923