Litclub.ge

მღვრიე ქარი
თოვლის მხარე,
ნისლიანი მთა და ბარი.
მოვიმხარი მისი გზები, სიცივე და მღვრიე დარი...
ზარზე ზარი, სწრაფი, ჩქარი, მღელვარებათ
ჩქეფდა ღვარი,
ტრიალებდა, როგორც ფარი,
შემოდგომის ჩქარი
ქარი.
მეფის კარი,
ნანგრევები, ნატახტარი...
მეფე ტყვეა; ტყვეა მეფის ამირბარი, სპასალარი.
აქეთ ქუჩა, იქით ჯვარი და დროშები გარი-გარი...
ისევ ქარი,
მღვრიე ქარი,
მოდის მტერი.
იკეცება ალყათ ჯარი.
ცხენზედ მჯდარი მწარედ ჰკივის მეომარი.
კონონადა მშობლიური და ღრუბელი შავად მდგარი.
ისევ ქარი,
მძაფრი ქარი,
თქეში, მთელი ნიაგარი!..
სული ძლიერ აფეთქების და სიცივე ჯადოქარი.
ისევ მძიმე პეტერბურგი და ამიდი ბობოქარი...
ისევ ქარი,
მღვრიე ქარი!

1924