გაჰქრა ლანდების ქარი მრავალი:
ხარხარით ტბიდან ამომავალი,
ალი მომაღლო.
ქაჯებს არ მალავს მსუბუქი ჯაგი,
მგზავრებს არ უცდის სული ვერაგი
მდინარის ახლო.
ჭინკები მცირე ეშმაკის ტანის,
დასაბამიდან მტერნი წმინდანის,
არ იჩქარიან,
და არ დაჰქრიან, როგორც ზღაპრები,
ცოცხები, ბზები და თავსაფრები
ღამეს მთვარიანს.
ფრთიანთა გროვა იღლიის წამლით
არ ტირის სოფლად ნაპოვნ ფეშტამლით,
როგორც გოგონა.
და ავი თვალის შელოცვით მკვდარი,
არ უცქერს, როგორ ელავს საყდარი -
ჭიაკოკონა.
უჟმურთ ჭაობში ცვრით დანამული
აღარ გაისმის ეს ჟრიამული
გაჰქრა შაბაში!
არ სწვავენ ფიჭვებს, არ სცემენ ზარებს,
გამტყდარი ზარი არვის აზარებს
სადღაც შორს, მთაში.
გათენდა, მორჩა. დაიწყო დილამ
სხივების თოვა
და გაიფანტა უსივრცობაში
ჭინკების გროვა...
1925