ქვეყნად კვლავ მოდის დაფარულთა ფერთა ხსენება,
მტრედისფერ გზებზე უთეთრესი გედით რხეული.
იქ, სადაც მეფობს მისი ძილი და განსვენება,
სიმაღლეების სიზმრებია ზამბახეული.
თოვლზე უთეთრესს, მე არ ვიცი, მას რა დავარქვა.
მისი მოვლენის ზმანებისთვის მეპოვა დარდი.
იყო ახალი ყვავილების ცეცხლთა აქარგვა,
და იგი მხოლოდ ქვეყანაზე დარჩა წარმართი.
1925