Litclub.ge

იარე, კაცი შენ აღარ გქვიან
გასწიე! ღამე ეშვება ზეწრად,
მწარედ შრიალებს ტყეთა კალთები,
მახლობელ დემონს იგრძნობ უეცრად
და შიშის ჩრდილით აკანკალდები.

იარე! გაჰყევ გზას შორით შორისს,
მაისთა ცეცხლი შენ არ გაოსებს,
მწუხარებათა ულევთა შორის
ისევე ხედავ ახალ ქაოსებს.

გაახელ თვალებს - იქნება გვიან,
დახუჭავ, მაინც ცა არ ენთება...
იარე, კაცი შენ აღარ გქვიან,
შენთვის არასდროს არ გათენდება.

რა უყავ შენს სულს, ოდესმე კეთილს,
ქვეყნად რომ სურდა ცეცხლის მოდება?
ეხლა იმავ სულს დაღლილს, დაფლეთილს,
დახედავ და არ შეგეცოდება.

იკივლებ მაშინ, მაგრამ არსიდან
არ გიპასუხებს უდაბურება,
იარე! გზები უშინაარსო
ისევ ბურუსით დაიბურება.

1925