Litclub.ge

* * * მისდევს რგოლს რგოლი...
მისდევს რგოლს რგოლი. ასე: ტოლ-ტოლი
ცვივა ფოთოლი ჩვენი თაობის
სხვადასხვაგვარი, გზაა მდაგვარი
ამ მრავალგვარი სანახაობის.

ჩვენი თაობის გამბედაობას
სხვა მოძრაობის ედგა მოტორი.
ეჰა! რადარა, ქარში გვატარა
დიდი, პატარა, ტოლი და სწორი!

ნათელი სევდით ლექსებს ვუსმენდით,
სად მონუმენტი იდგა მთაწმინდის,
მიმყავდა გემი და ნუგეშმფენი
ხმა ჰქუხდა ჩემი ეფემერიდის.

სად მრავლობითი იდგა კოპიტი
უარყოფითი შრიალით სავსე -
წარსული ტირის არაგვისპირის
და ჩემი გმირის თავგადასავალს.

გგონია იქნებ, გზას გავიგნებდით,
გზას გაიგნებდა წყვდიადში თვალი,
უკვდავი ლანდის კლდე რომ არ სჩანდეს,
რომელს მარადის ჰქვია სტალინი?

მის მეოხებით სხვა ამბოხების
ფარჩა-ნოხებით იცვლება თალხი -
ყოველი დროის და გარემოის
ჭეშმარიტ პოეტს გაიგებს ხალხი.

1925