„ბაგეები გულის სისავსით ლაპარაკობენ.“
დედა ტერეზა
გულის სისავსით მეტყველებენ ეგ ბაგეები,
ის არ იცვლება, ვინც იპოვა მარად ცვალებად
დროში საყრდენი
და შეიხიზნა შვილებივით ღამის შუქები,
ზეცის ტაძრები, მლოცველები და მოსაყდრენი.
მაინც მოხდება, რაც ქვიშაზე ერთხელ ეწერა,
მერე წაშალა, ხსოვნაში კი დარჩა ყოველი
და მოსახდენი
დაელოდება საიდუმლოს, ანუ თავის ჟამს,
როცა გულიდან გულის სიტყვით ამოსახლდები.
შესაბრალია, ვინც ამაო ლოდინს შეაცვდა
ხორცით და ძვლებით და უკეთეს ყოფის სურვილმა
ასე დაშრიტა,
ელამუნება ათასწლოვან ნაბზარ სახეებს
მხურვალე სუნთქვა, მოღწეული აფრის გაშლიდან.
ჩვენც ნამცეც-ნამცეც და წვეთ-წვეთად შევიკრიბენით,
რათა სიტყვათა ხმოვნებიდან ამოვიხედოთ,
ხსოვნის მარცვლებად,
რომელთაც შეძლეს საკუთარი კალოს გალეწვა
და დღიდან დღეში სინანულით გადანაცვლება.
გამჭვირვალეა გული, ისე გამჭვირვალეა,
რომ სასუფეველს აღმოაჩენ _ გულის სისავსით
ამეტყველდები,
მიეფერება გაზაფხული მფშვინავ ნახნავებს
და სიმწვანისკენ ფეხაკრეფით წავლენ ბელტები.
ეს დინებაა უნებლიე წუთს რომ აღრმავებს
და ოდნავ ღია სარკმელიდან ყრმა იხედება,
გულის ძაფებით
ჩვენ მიბმულნი ვართ დასაბამის უსასრულობას
და მწყურვალენი დაუშრეტელ დღეს ვეწაფებით.