Litclub.ge

არიან დღენი
არიან დღენი, ხანჯალივით ბასრი და მჭევრი,
ოდეს სისხლივით აღელდება ოცნება შენი.
შენ გენატრება მოკლულებით ფენილი ტევრი,
შენ გინდა იყო უსულგულო ცხოვრების მტევრი,
ელვარე ცეცხლით გადაბუგო მთანი და ტყენი.
არიან დღენი, საუკუნეთ უფრორე მძლენი.
ტყვია-წამლით და დინამიტით მსუნთქავი ქვევრი,
აფეთქებანი, შეკივლება, ძახილი, ბევრი
არიან დღენი.
არიან დღენი... ცეცხლისა და მახვილის კევრი,
ათასწლოვანი ადგილიდან სხლტებიან კლდენი.
იმ გულს ეკუთვნის თვითეული თემა, შედევრი...
არიან დღენი.

1927