ქრება ბოლო სიტყვა გულში თქმული ლოცვის _
ყვავილთან ფარფატი პეპლის
ფრთებია დუმილის, ხილული წამია
ჩემში ჩაბნეული ფერფლის.
უცხო სახეები, მზერა უთვალავი,
მშვიდი, მგლოვიარე, მკაცრი,
გულში შეღწეული თრთოლვა გადამდები
უცნობ წინაპართა ნაცრის.
ფერფლის გამოხედვა და ფერფლის თითებით
დავწვდები ჭიქას და დავცლი:
ასე იძახოდა ოდესღაც მესკია,
ასე იზრდებოდა გორაკზე ანწლი.
ფერფლით და ნამწვავით სავსეა საფერფლე,
ჭერზე რომ დაცურავს ჩრდილების ფარფლია,
ჩემი იდაყვები, შენი მოძრაობა,
მისი გაღიმება ფერფლია, ფერფლია.
ამაოდ დავშვრები სიტყვათა მძებნელი,
ბგერებს ვაკოწიწებ, იმ ენას ვერ ვფლობ,
რაც შენ მაგრძნობინე, სახელი ვერ დავარქვი
შენს ჩურჩულს ბაგეთა ფერფლო.
მე დუმილს ვაგრძელებ, დუმილში ვინახავ
მრავალთა დათმენილ კვნესას
და უთქმელ სიტყვაზე აცმული მზის ძაფით
დაკონკილ სამოსელს ვკემსავ.