დამწველი თავის სიმშვენიერით,
დამშვენებული უხვი განგებით -
ფეხთან პერანგი იწვა ცბიერი,
როგორც ელვარე ფარშავანგები.
შიშველი, წმინდა, როგორც ნაკადი!
დიდხანს საჭირო არ იყო ხვეწნა,
უცხო სახეზე შემონახატი,
წარბები - მშვიდი და თმები - ძეწნა.
მე სხვა ქალებს ვერ დავემალები,
მათში ბევრია პროზა, ქრონიკა,
მაგრამ სხვა იყო შენი თვალები
და შენი კოცნა... ო, ვერონიკა!
1927