მე სიმღერას შევჩივლებ
დარდებს შებორკილივით,
ჩემი არ დაფარული
მწუხარების საგანი
შეშლილივით დააღებს
კარებს წივილ-კივილით,
რომ უგულოდ ჩააქროს
რამე გრძნობათაგანი.
სულში მტვერი ადგება
ცეცხლისა და ნაცარის,
არარა არ ახარებს
შორი ფერისცვალებით,
მინდა ისევ ქვეყანას
ვაპატიო, რაც არის,
ცივი ნოემბერია
ვალკირიას თვალებით.
1927