Litclub.ge

შენ უწყი მხოლოდ
გაქცეულ ქუჩებს და შენობებს ორსართულიანს
აგურით ნაგებს, გადახურულს წითელ კრამიტით,
გავხედავ მაშინ, გზის გაკვლევა როცა რთულია
და უმიზეზოდ რომ გადამდებს წუხილს ამინდი.
აქამდე აღწევს ჩუმი სუნთქვა გარდასულების,
მათი ხილვანი ახატია ნაყოფს შეთვალულს,
როგორც სიცოცხლის გაგრძელება, არდასრულება,
ამ ფერადებით თითქოს ვინმეს შემოეთვალოს.
გზებზე წყალივით დავიღვარე და ძვლებდაშლილი
მომაქვს სხეული და ცვილივით გული მიდნება
გვამში, რომელსაც შერჩენია თვალი ბავშვივით,
მზერა, რომელშიც გაიელვებს სხივი თვითნება.
ამომცნობელო გულისა და ფარულ ზრახვათა,
შენ მეუფეო ზეცისა და წასულ-მოსულთა,
შენ უწყი მხოლოდ, სხვა ვერავინ დაინახავდა,
ცხოვრება ჩვენი ბოროტისგან რომ დაორსულდა.