აქ მარმარილოს მაღალი სვეტი
დაუმსხვრეველი იდგა დიდებით,
ეპოქის გედი
ოცნებას მღერის გაბედითებით.
კედლებს რომ სინჯავს გრძნეულ თითებით,
უკვდავებისთვის შეშლილი გონი,
ჩრდილი მოსილი მარგალიტებით.
ვაჲ, დრონი, დრონი!
ციხე-გალავანს სჩქეფს სისხლის წვეთი,
დღე შემმუსვრელთა ალთა კიდებით.
ვინ იყო ქვათა ამათა მკვეთი?
იგი არ ჰკვდება გულდამშვიდებით.
სურო და ხავსი ღალღით, გვრიტებით.
ვამჩნევ თაღებზე ღრუბელთა რონინს,
გაშლილან ნისლთა პირამიდები.
ვაჲ, დრონი, დრონი!
ო, ნანგრევებო, თქვენ გეზიდებათ
ყრმობისა ჩემის პირველი ბედი.
უამიდობით თუ ამიდებით
დიდება მერგო მე სხვაზე მეტი;
ეხლაც ანათებს ძველი მითებით,
შემობურული სივრცე და აონი?
იგი ქარს ებრძვის გაბედითებით.
ვაჲ, დრონი, დრონი!
აქ შეგხვდი პირველს - ვისაც მითებით
გესალმებოდა მძაფრი რიონი,
იყო სალამი, იყო მშვიდობით...
ვაჲ, დრონი, დრონი!
1927