მაისის დღეებს ის მოელის, ვით ზამთრის მყინავს,
თითქო სამუდმოდ დამჭკნარა მდელო,
გაახსენდება რაღაც მკაცრი და აღარ სძინავს,
და იმეორებს: გაჩუმდი, მკვლელო!
ის ყურს დაუგდებს შუაღამით ჭიანურს ჭკვიანს,
არ ეძინება ისევ ჭიანურს,
ის იმეორებს მარადობას და სივრცეს გვიანს,
მწუხარე ფორტე-ს და ნელ პიანო-ს.
ცა გულუბრყვილო და ოცნება ზაფრანას ფერით,
ო, სიგრილეა და ესეც კმარა.
შურისძიებას ის იგროვებს ფოთოლთა ჟღერით,
ისევ მუსიკის არის კამარა,
თითქო უსაზღვრო საღამოა და მთა ბინდდება,
აირევიან ქენჯნის კალთები.
გახედავს სერებს, გაფითრდება, შეეშინდება
და ფოთოლივით აკანკალდება.
თითქო ვიღაცას უდარაჯებს წყვდიადი შავით
და უბოროტეს დღეთა ხელებით.
წყვდიად დუმილის სამოსელში ფიქრების შვავით
ივსება გული საშინელებით.
იდუმალ ხანად, სანამ გული არ დასვენდება,
თითქო სადღაც სწუხს საღამოს ზარი.
რუხი ნისლების ნამქერებში ცეცხლი ენთება,
ვით აფეთქება ჩუმი და მკვდარი.
1927