Litclub.ge

ფოტოგრაფის სიკვდილი
თამაზ ბებერაშვილის ხსოვნას

რადგან აღარავის არ უცდის ეს სახლი,
ან როდის უცდიდა, გაღებულ ფანჯრიდან
შუქი იღვრებოდა ოდინდელ ფესახის,
იგი კი არ ჩანდა, ვინც ეს დღე განჭვრიტა.
სიმონ, ვინც ეს წუთი გაძლია ბეს სახით,
რა იცი, დანარჩენს იგი თუ მოგიტანს,
სჭვრეტ ფოტოაპარატს, წინაპარს შესძახი:
_ ყულფიც ინასკვება სარეცხის თოკიდან.
შვილიშვილს გახედავ ბღარტივით ერცახეს:
_ ვაი, დავენაცვლე, ნაღდად ესტერია.
ხმამაღლა არ ამბობ, გულისხმობ ერთ სახელს,
წმენდ მტვრიან მაგიდას: ცხოვრება ეს მტვერია.
კედლებზე უცვლელი ფოტოგამოფენა
და მერე წუთების შემნახველ სახეების
დროის წყვდიადიდან უხმო ამოფრენა _
ღია ჭრილობები _ გადასახვევები.
ქარი დასავლეთის ისევ ქრის ტიალი,
გულში კი შაბათის მზემ დაისადგურა,
ალბათ, შემოივლის ვინმე ქრისტიანი
და, როგორც ყოველთვის, აგინთებს ნავთქურას.
თვლემ, წარმოსახვაში იღვიძებს ეს სახლი,
რომელიც აჰყურებს ალვის წვერს აშვერილს,
თვალში კი _ სინათლე მომავალ ფესახის
და ბებერ ძარღვებში ღიღინი ქაშერის.
სურათის აღბეჭდვა თვალსაც შეძლებია,
ხსოვნაში ჩახვეული მჟღავნდება ნეგატივი,
ხელები გიხმება, ხელები _ ეს ძვლებია,
ძლივს რომ გიფართხალებს დაჭრილ ფრეგატივით.
ბევრმა იგლახავა და კიდეც იჩარჩა,
წიგნის კითხვაშიაც მოკვდა ზოგიერთი,
მითხარით, ყოფაში მუდმივად ვინ ჩარჩა,
ვინ ასცდა სიკვდილის ფოტოობიექტივს?!