-დაბრძანდით, ახალგაზრდავ,- თქვა პოლკოვნიკმა.
-გმადლობთ,- შემოსული დაჯდა.
-თქვენ შესახებ რაღაც მსმენია, - მეგობრული ტონით დაიწყო პოლკოვნიკმა. - განსაკუთრებული ნამდვილად არაფერი. ამბობენ, რომ ნერვიულობთ და არაფერი გამოგდით. ეს უკვე რამდენიმე თვეა მესმის და ახლა თქვენთან დალაპარაკება გადავწყვიტე. იმაზეც ვიფიქრე, სამმსახურს ადგილს ხომ არ შეიცვლიდით? შესაძლოა, გინდათ ზღვის გაღმა წახვიდეთ და რომელიმე შორეულ სამხედრო ოლქში იმსახუროთ. არ მოგწყინდათ კანცელაიაში მუშაობა? იქნებ, ფრონტზე გსურთ?
-მგონი, არა,- უპასუხა ახალგაზრდა სერჟანტმა.
-მაშ, საკუთრივ, რა გსურთ?
სერჟანტმა მხრები აიჩეჩა და თავის ხელებს დახედა.
-მე მინდა ცხოვრება ომების გარეშე. მინდა შევიტყო, რომ ერთი ღამის განმავლობაში მთელ მსოფლიოში ზარბაზნები როგორღაც ჟანგად იქცნენ, რომ ბაქტერიები ბომბების გარსში სრულიად უვნებელნი გახდნენ, რომ ტანკებს მიწამ უყო პირი და ისტორიამდელი ურჩხულების მსგავსად ასფალტით ამოვსებულ ორმოებში განისვენებენ. აი, ჩემი სურვილი.
- ეს თითოეული ჩვენგანის ბუნებრივი სურვილია, - წარმოთქვა პოლკოვნიკმა. - მაგრამ ახლა მოეშვით ამ იდეალისტურ საუბარს და გვითხარით, სად გაგგზავნოთ. შეგიძლიათ აირჩიოთ დასავლეთი ან ჩრდილოეთ ოლქი. -მან თითებით მაგიდაზე გაშლილი რუკაზე დააკაკუნა.
სერჟანტმა საუბარი განაგრძო, ხელები ასწია და თითებს მიაშტერდა:
-რას იზამდით, თქვენ, უფროსები, რას ვიზამდით ჩვენ, ჯარისკაცები, რას მოიმოქმედებდა მთელი მსოფლიო, ჩვენ ყველას რომ გაგვეღვიძა და ზარბაზნები უმაქნისი გამხდარიყო?
პოლკოვნიკი მიხვდა რომ სერჟანტს ფრთხილად უნდა მოქცეოდა. მან წყნარად გაიღიმა.
-ეს საინტერესო საკითხია. მიყვარს ამგვარ თეორიებზე მსჯელობა. ჩემი აზრით, მაშინ ნამდვილი პანიკა ატყდებოდა. ყოველი ხალხი იფიქრებდა, რომ მთელ მსოფლიოში ის ერთი დარჩა იარაღაყრილი და ამ უბედურებაში თავის მტერს დაადანაშაულებდა. დაიწყებოდა მასობრივი თვითმკვლელობები, აციები უმალ დაეცემოდა, უამრავი ტრაგედია დატრიალდებოდა.
-ხოლო შემდეგ?-ჰკითხა სერჟანტმა.-შემდეგ, როდესაც ყველა მიხვდებოდა, რომ ეს სიმართლეა, რომ იარაღი აღარავის აქვს, რომ არავისი აღარ უნდა გვეშინოდეს, რომ ყველა თანასწორი ვართ და ხელახლა შეგვიძლია დავიწყოთ ცხოვრება....რა იქნებოდა მაშინ?
-ყველა კვლავ გაცხარებით დაიწყებდა შეიარაღებას.
-მაგრამ ამაში რომ ხელი შეგვეშალა მათთვის?
-მაშინ მუშტებით დაიწყებდნენ ბრძლას. საზღვრებს ადამიანთა ბრბოები მიაწყდებოდა, ფოლადის ჩანართიანი მოკრივის ხელთათმანებით შეაიარაღებულნი. წაართვით მათ ხელთათმანები და ისინი ფრჩხილებს, კბილებს, ფეხებს აამოქმედებენ. ესეც აუკრძალეთ და ერთმანეთს ფურთხებას დაუწყებენ. ხოლო თუ მათ ენებს ამოვაძრობთ და ხმას ჩავაწყვეტინებთ, ჰაერს ისეთი სიძულვილით აავსებენ , რომ ტელეგრაფის სადენიდან მკვდარი ჩიტები ჩამოცვივდებიან და ყველა ბუზი და კოღო დაიხოცება.
-მაშ, თქვენ ფიქრობთ, რომ ამას საერთოდ არა აქვს აზრი?-განაგრძო სერჟანტმა.
-რა თქმა უნდა, არა აქვს! ეს ხომ იგივეა, რომ კუ გამოვათრიოთ თავისი ბაკნიდან. ცივილიზაციას სული შეეხუთებოდა და შოკით მოკვდებოდა.
ახალგაზრდა კაცმა თავი გააქნია.
-თქვენ უბრალოდ გსურთ დაარწმუნოთ თქვენი თავი და მეც, თქვენი სამუშაო ხომ მშვიდი და ხელსაყრელია.
- თუნდაც ეს ოთხმოცდაათი პროცენტი ცინიზმი იყოს და მხოლოდ ათი - მდგომარეობის გონივრული შეფასება. მოეშვით თქვენს ჟანგს და დაივიწყეთ იგი.
სერჟანტმა სწრაფად ასწია თავი.
-საიდან იცით, რომ მაქვს?
-რა გაქვთ?
-ეს, ჟანგი.
-რას ამბობთ?
-თქვენ იცით, რომ შემიძლია ამის გაკეთება. რომ მოვინდომო დღესვე შემიძლია დაწყება.
პოლკოვნიკმა გაიცინა:
-მე მგონი, ხუმრობთ.
-არა, მე სავსებით სერიოზულად ვამბობ. მე დიდი ხანია თქვენთან დალაპარაკება მინდოდა. მოხარული ვარ, რომ თქვენ თვითონ მიმხეთ. ამ მოგონებაზე საკმაო ხანია ვმუშაობ. მასზე წლების განმალობაში ვოცნებობდი. ის გარკვეული ატომების აღნაგობას ეფუძნება. თქვენ რომ ისინი შეგესწავლათ, გეცოდინებოდათ, რომ იარაღის ფოლადის ატომები განსზაღვრული წესითაა განლაგებული. მე ფაქტორს ვეძებდი, რომელიც მათ წონასწორობას დაარღვევდა. შესაძლოა იცით, რომ ფიზიკა და მეტალურგია შევისწავლე... აზრად მომივიდა, რომ ჰაერში ყოველთვის არის ნივთიერება, რომელიც ჟანგს იწვევს: წყლის ორთქლი. საჭირო იყო, საშუალება მომეძებნა, რომელიც ფოლადის „ნერვულ შოკს“ გამოიწვევდა. და მაშინ წყლის ორთქლიც შეუდგებოდა თავის საქმეს. თავისთავად ცხადია, მხედველობაში მაქვს არა ყოველგვარი ლითონის საგანი. ჩვენი ცივილიზაცია ფოლადს ეფუძნება და არ მსურდა მის ქმნილებათა უმრავლსებოდა დამენგრია. მინდოდა მწყობრიდან გამომეყვანა ზარბაზნები, იარაღები, ჭურვები, ტანკები, საბრძოლო თვითმფრინავები, სამხედრო ხომალდები. საჭირო რომ გახდეს, მე ვაიძულებ ჩემს ხელსაწყოს სპილენძზე, ბრინჯაოზე, ალუმინზე იმოქმედოს. უბრალოდ, გავივლიდი ნებისმიერ იარაღის მახლობლად და ეს საკმარისი იქნებოდა, რათა ის მტვრად ქცეულიყო.
პოლკოვნიკი მაგიდას დაეყრდნო და ერთხანს სერჟანტს მიაშტერდა. შემდეგ ჯიბიდან საბრძოლო ვაზნის ხუფიანი ავტოკალამი ამოიღო და ბლანკის შევსება დაიწყო.
-მე მინდა, რომ დღეს ნაშუადღევს დოქტორ მეტიუზთან შეიაროთ. დაე, გამოგიკვლიონ. არ მინდა ვთქვა, რომ სერიოზულად ხართ ავად, მაგრამ, მგონი, ექიმის დახმარება გჭირდებათ.
-თქვენ ფიქრობთ, რომ გატყუებთ,- წარმოთქვა სერჟანტმა. -არა, სიმართლეს მოგახსენებთ. ჩემი ხელსაწყო ისე პატარაა, რომ ასანთის კოლოფში მოთავსდება. მისი მოქმდების რადიუსი ცხრაასი მილია. მე შევძლებ მოვმართო იგი ფოლადის განსაზღვრულ სახეობაზე და რამდენიმე დღეში მთელი ამერიკა შემოვიარო. დანარჩენი სახელმწიფოები ამით ვერ ისარგებლებენ, რადგან ჩვენ წინააღმდეგ გამოგზავნილ ნებისმიერ საბრძოლო ტექნიკას გავანადგურებდი. შემდეგ ევრპაში წავიდოდი. ერთ თვეში მსოფლიოს ომის საფრთხობელასგან დავიხსნიდი. ზუსტად არც ვიცი, როგორ მომიხერხდა ეს გამოგონება. უბრალოდ, წარმოუდეგენელია, ისეთი დაუჯერებელი, როგორც ატომური ბომბი. აგერ უკვე ერთი თვეა ვიცდი და ვფიქრობ, მეც ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ რა მოხდება, თუ, თქვენი არ იყოს, კუს ბაკანს მოვგლეჯთ. ახლა კი გადავწყვიტე. თქვენთან საუბარი ყველაფრის გარკვევაში დამეხმარა, რას საჭიროა. ოდესღაც ვერავინ წარმოიდგენდა მფრინავ მანქანებს, არავინ ფიქრობდა, რომ ატომი შეიძლება, დამღუპველი იარაღი ყოფილიყო და ბევრი ეჭვობს, რომ დედამიწაზე ოდესღაც მშვიდობა გამეფდება. მაგრამ მშვიდობა გამეფდება, გარწმუნებთ.
-ამ ბლანკს დოქტორ მეტიუზს გადასცემთ,- ხაზგასმით წარმოთქვა პოლკოვნიკმა.
სერჟანტი ადგა.
-ესე იგი, სხვა სამხედრო ოლქში არ გამაგზანით?
-არა, ჯერ არა. დაე, დოქტორმა მეტიუსმა გადაწყვიტოს.
-მე უკვე გადავწყვიტე, - თქვა ახალგაზრდა კაცმა. -ბანაკიდან რამოდენიმე წუთში წავალ. შვებულება მაქვს. დიდი მადლობა, რომ ამდენი ძვირფასი დრო დამითმეთ.
-მომისმინეთ, სერჟანტო, ნუ მიიტანთ ამას გულთან ახლოს, წასვლა არ გჭირდებათ. თქვენ არავინ გაგანაწყენებთ.
-სწორია, იმიტომ, რომ არავინ დამიჯერებს. მშვიდობით! - სერჟანტმა კანცელარიის კარი გააღო და წავიდა.
კარი დაიკეტა და პოლკოვნიკი მარტო დარჩა. წუთით ყოყმანობდა, შემდეგ ამოიოხრა და ხელისგული სახეზე მოისვა.
ტელეფონი აწკრიალდა. პოლკოვნიკმა დაბნეულმა აიღო ყურმილი.
-ეს თქვენ ხართ, ექიმო? მინდა დაგელაპარაკოთ. დიახ, მე გამოვგზავნე ის თქვენთან. ნახეთ, რაშია საქმე, რატომ იქცევა ასე. როგორ ფიქრობთ ექიმო? ალბათ, მცირე დასვენება ესაჭიროება, უცნაური ილუზიები აქვს, დიახ, დიახ, უსიამოვნო. ჩემი აზრით, ომის თექვსმეტმა წელმა იქონია გავლენა.
ყურმილში ექიმის ხმა პასუხობდა. პოლკოვნიკი უსმენდა და თავს უქნევდა.
-ერთი წუთით, ჩავიწერ... -მან თავისი ავტოკალამი მოიძია. -მოიცადეთ, გეთაყვა. რაღაცას ვეძებ...
მან ჯიბეები მოისინჯა.
-კალამი ეს ესაა აქ იყო. მოიცადეთ...
მან ყურმილი გადადო, მაგიდა მოათვალიერა, უჯრაში ჩაიხედა. შემდეგ გაქვავდა. ჯიბეში ნელა ჩაიყო ხელი და მოიჩხრიკა. ორი თითით რაღაცის მწიკვი ამოიღო. საღსრობ ქაღალდზე ცოტაოდენი მოყვითალო-წითელი ჟანგი დაიბნა.
რამდენიმე ხანს პოლკოვნიკი უაზროდ იყურებოდა, შემდეგ ტელეფონის ყურმილი აიღო.
-მეტიუზ, -თქვა მან,-დადეთ ყურმილი. -შემდეგ სხვა ნომერი აკრიფა.-ალო, გუშაგო! თქვენ გვერდით ყოველ წუთს შეიძლება ჩაიაროს ადამიანმა, რომელსაც ალბათ იცნობთ: ჰოლისი. შეაჩერეთ. თუ საჭირო გახდა, ესროლეთ, ყველაფრის უკითხავად, მოკალით ეგ არამზადა, გაიგეთ? პოლკოვნიკი გელაპარაკებათ. დიახ... მოკალით... გესმით?
-მაგრამ... მაპატიეთ... -შეეპასუხა გაოცებული ხმა სადენის მეორე ბოლოში, -მე არ შემიძლია... უბრალოდ, არ შემიძლია!
-რა გინდათ თქვათ, ეშმაკმა დალახვროს? რას ქვია არ შეგიძლიათ?
-იმიტომ, რომ... -ხმა შეწყდა. ყურმილში გუშაგის აღელვებული სუნთქვა ისმოდა. პოლკოვნიკმა ყურმილი შეარხია.
-ყურადღება, იარაღი!
-მე არავის მოკვლა არ შემიძლია, -უპასუხა გუშაგმა.
პოლკოვნიკი მძიმედ დაეშვა სკამზე და წუთით სული შეუგუბდა.
იგი ვერაფერს ხედავდა და არაფერი ესმოდა, მაგრამ იცოდა, რომ იქ, ამ კედლებს მიღმა ანგარები რბილ წითელ ჟანგად იქცეოდა, რომ თვითმფრინავები მურა მტვრად იფხვნებოდა, რომელსაც ნიავი ფანტავდა, რომ ტანკები ნელ-ნელა იძირებოდა გამდნარ ასფალტში, როგორც ოდესღაც ისტორიამდელი ურჩხულები ინთქმებოდნენ ასფალტის ორმოებში - სწორედ ისე, როგორც ეს ახალგაზრდა კაცი ამბობდა. საბარგო მანქანები ნარინჯისფერ საღებავის ღრუბლად იქცეოდა, და მათგან მხოლოდ გზებზე უმიზნოდ მგორავი რეზინის სატეები რჩებოდა.
-სერ... -ამოილუღლუღა გუშაგმა, რომელიც ამ ყველაფერს თვალნათლივ ხედავდა.-გეფიცებით...
-მისმინეთ, მისმინეთ! -დაიყვირა პოლკოვნიკმა. -მიჰყევით მას, ხელით დააკავეთმ დაახრჩვეთ, მუშტები, წიხლები ურტყით, მოკალით, მაგრამ უნდა შეაჩეროთ! ახლავე თქვენთან ვიქნები! - და მან ყურმილი მოისროლა.
ჩვეულებისამებრ, მაგიდის ქვედა უჯრა გამოსწია, რათა რევოლვერი აეღო. ტყავის ბუდე მურა ჟანგით ავსებულიყო. იგი წყევლა-კრულვით წამოხტა მაგიდიდან.
კანცელარიაში გარბენისას სკამს სტაცა ხელი. „ხისაა, -გაიფიქრა მან, ძველი კეთილი ხე, ძველი კეთილი წიფელი“. ორჯერ მიანარცხა კედელს და ნამსხვრევებად აქცია. შემდეგ სკამის ფეხს დაავლო ხელი და მაგრად ჩაბღუჯა. მრისხანებისგან ლილისფერი ედო და პირით იჭერდა ჰაერს. სასინჯად ძლიერად დაირტყა ხელზე.
-გამოდგება, დალახვროს ეშმაკმა! -შესძახა მან.
ღრიალით გამოვიდა და კარი გაიჯახუნა.