Litclub.ge

* * * ისეთი დღეა...
ისეთი დღეა, გული მხოლოდ
გრძნობით დათვრება.
ისეთი დღეა - გამარჯვებას
რომ ეკადრება!
მაგრამ უეცრად ყოველივე
მოიჩადრება,
რაღაც შემაკრთობს... და კვლავ ომი
მომენატრება.

ცას ვარსკვლავები მოჰფენოდენ
ბრწყინვალე ზეწრად,
მათთან ჩემს გრძნობებს სიხარულის
გზა მიმოეცრათ.
რა სივრცე იყო, რა სილაღე...
მაგრამ უეცრად -
გამახსენდები... და კვლავ ომი
მომენატრება.

ამგვარი არის ჩემი ყოფნა
დღითა და ღამით,
ის უკურნებლად დაიდაღა
ომების შხამით.
საუკუნით რომ ლაღი ვიყო,
მტერი ერთ წამით
გამახსენდება... და კვლავ ომი
მომენატრება.

ყოველ ქართველში ომის ტრფობა
ძველისძველია,
მეც ასეთი ვარ და ვერვისთვის
გამიმხელია.
სიცოცხლე მინდა. უშენოდ ის,
ოჰ, რა ძნელია.
გამახსენდები... და კვლავ ომი
მომენატრება.

1930