Litclub.ge
ქარბუქი მუსიკის ხმათა
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
სახელოვანი და სანაქებო
და უფრო მეტი
როს გრგვინავდა ხმა: „ამხანაგებო!“
ცხრაას ჩვიდმეტი,
აი, ეს იყო მართლა ქარბუქი,
მუსიკის ხმათა -
რაა „ფაუსტი“, ან „რიგოლეტო“,
ან „ტრავიატა“?
როგორ არ მახსოვს: ქუჩაში ბრძოლა,
თეატრში - ტაში,
იქ ბარიკადის ტყვიების ქროლა,
აქ - ერმიტაჟი.
დღემდე ვერ ვიცხრობ იმ გულისწყრომას.
სისხლში ნაბანი
ჰკიოდა ქუჩა, აქ კი მღეროდა
ცნობილი ბანი!
რა გული უნდა გიძგერდეს ნეტა,
რომ იმნაირ დროს
თუნდაც „რომეოს და ჯულიეტას“,
„კარმენს“, „ფიგაროს“,
უჯდე, ეს იმ დროს, როდესაც კრემლს
შორი თოვიდან,
ცეცხლდიუიმიანი ქვემეხები სცემს
ლეფორტოვიდან!
ეს იმ დროს, როცა ბაევი, კირა -
ყრმა თექვსმეტი წლის,
დაჭრილი, ქოხით - მდინარის პირად
ნაცად ნაგანს სცლის:
ოცდაჩვიდმეტი მხედართ რიგიდან
ეცემა ერთი, მეორე... კიდევ...
ორკესტრმა სხვა ხმა უნდა აღმართოს,
და თუ იქნება,
ცოტათი მაინც რევოლუციის
იყოს მიგნება.
დაცხრეს ორკესტრი,
რომელიც გვართობს
მსუბუქ გართობით,
ორკესტრმა სხვა ხმა უნდა აღმართოს
მილიარდობით.
იყოს იმ რიტმის ბგერა ზღვაური
ხმობით საჩინო,
ბერლიოზმა რომ ქუჩის ხმაურში
აღმოაჩინა.
არა ლაჟვარდის თოვლი და ციგა,
ან ბგერა მშვიდი.
რევოლუციურ კლასის მუსიკა!
მუსიკა დიდი!
გადასხვაფერდა მთა და ტაიგა,
ველი და ბინა,
ვის უნდა ძველი ბალალაიკა
და მანდოლინა?
1930