ვ. ჰიუგო:
მე ვუმღეროდი ნოემბრის ფოთლებს,
ზეცას, მოფენილს მწკრივით წეროთი.
იმ შინაგან ხმებს, შუქებს და ლანდებს,
იმ შებინდებას მე ვუმღეროდი.
მე მითქვამს ყველგან, მე მითქვამს ასჯერ,
Notr-Dame De Pari - და კვაზიმოდო,
უკანასკნელი დღე დასასჯელის
გულგამგმირავი მის ხმაში კრთოდა.
ნაპოლეონი იყო პატარა,
მაგრამ მრავალი და ათასფერი,
რომანტიული აიტატა რა
ქვეყნის ლეგენდა და აგასფერი.
მე მენესტრელი ვიყავ რიგების,
მე მოქადაგე ვიყავ იქამდის,
წყნარი სინათლის და შერიგების,
და არა ბრძოლის და ბარიკადის.
ტ. გოტიე:
ხმა შეშლილი და გადარეული,
აი, რომ იყოს, გვინდა, ზღაპარი,
ერთია ლექსის ხმა არეული
და შეშლილების თავშესაფარი.
მოასხით ჯოგი მეტაფორების,
ჰიპერბოლებიც, როგორც წესია,
ხმა რაც მეტია ამთაგორების
და გადარევის - უმჯობესია.
ბოდლერი: ესეა.
ვერლენი: წესია.
რემბო: უმჯობესია!
სხვები: ესეა, ესეა, ესეა!
1930