ამძუვნებული ქალის კისკისი
ადევნებული მემთვრალის ხარხარს,
შედედებული სიბნელე ღამის,
შენ აქვე იყავ, ახლა კი არ ხარ.
გადღაბნილია მოლბერტი სარკმლის,
ხვალ სააღდგომო იწყება მარხვა,
დავხუჭავ თვალს და გიხსენებ ისევ,
შენ აქვე იყავ და ახლა არ ხარ.
ზოგი შემორჩა ჩაბჟუტულ ხსოვნას,
არ გაჰყოლია ცრემლების ღვარღვარს,
სინათლის წვეთი სიბნელის გულში,
შენ აქვე იყავ, ახლა კი არ ხარ.
ხელის გულებში ჩარგული თავი
და ჩემს სისუსტეს დავცინი მწარედ,
ვერ გაგიხსენე, როგორიც იყავ
და მიმგვანებულს ვჯერდები პწკარედს.