ჩვეულებრივად ხვდები შენ ამ დროს,
როცა ღამდება და შუქს აქრობენ
და დღის და ღამის შავ-თეთრ შენადნობს
გამუდმებულად სიტყვით აგროვებ.
სიტყვების ძებნით შენ ხარ გართული
და ყურს არ უგდებ ახლა არიფებს,
მადლობა უფალს, არ გაართულე
და სათქმელს ნათლად რომ აყალიბებ.
შემოვა ჩრდილი - ქარის ნახევი,
ფარდასთან ერთად შინ შემოვა ხე,
არის სარკმელი ღია ნახევრად,
ბოლომდე ქარი თუ შემოაღებს.
გაგეღვიძება თითქოს ჩათვლემილს,
ხელის ცეცებით ეძებ სიგარეტს,
ამასობაში ქრება სანთელი
და ილანდება აისი გარეთ.
დაუბრუნდება საგნებს კონტური,
ეს კონტურები თვალებს მოადგნენ,
წევხარ დაღლილი და მოკუნტული
შენ, ვინც ღამიდან დღე გამოადნე.