Litclub.ge

მანოლა
"ძველად... აბანოში წამსვლელი ქალები დილაადრიან სისხამზე მიდიოდნენ და საღამოთი ბინდისას ბრუნდებოდნენ, რომ მათი გამგზავრება მამაკაცის თვალს არ დაენახა"

"ძვ. თბ. ლიტ. ბოჰემა"


შენ აბანოდან გამოდიოდი,
მარტო კი არა, ქმართან - ხელკავით,
და ბოტანიკურ ბაღის სიოთი
გეგრილებოდა ხუჭუჭი თავი.

მე შეგამჩნიე! და მკერდის ტალღით
გავაპე ხალხი და შენ წინ შევდეგ,
აწითლდი, როგორც წითლდება ბალღი
საკუთარ დედის დატუქსვის შემდეგ.

არც კი გრცხვენიან! ვით ალამდარი,
აფენ შენს სხეულს ვაჟის მახლობლად.
აბანოს ბოხჩით მოგდევდა ქმარი
და ზედ ეწერა: "ჩემი სახლობა!"

როგორ მიყვარდი! ასჯერ, ათასჯერ,
მითქვამს ეს სიტყვა ჩემს გულში წინდად:
ახ, ვიკისრებდი ყოველგვარ სასჯელს,
ოღონდ მის თითებს შევეხო წმინდად.

ეხლა? რა მეთქმის? ვნების ონავარს
გეტყვი, რომ უკვე დაეშვი ტაფობს.
გიცქერ საჯაროდ ნააბანოვარს.
და ეგ სიწითლე ყველაფერს ამბობს.

მითხარ, რად იყავ შენ ალეწილი?
მითხარ, რად შეკრთი აგრე ძალიან?
შენს სიწითლეში მე მიდევს წილი?
თუ ეს აბანოს ორთქლის ბრალია?

1935