Litclub.ge

მხედარი ქალი
ციკლიდან „პაციფიზმი“

რომ დავინახე
მთები მაღალი,
ვთქვი: რა შვენება
ესაბამება.
გზაზე შემომხვდა
მხედარი ქალი
და საუბარი
ასე გამიბა:
ვარდებისა და
ზეცის მაგიერ
ახსენეთ ლექსში
ჰა, ეს მერანი.
მას ლურჯა ჰქვია,
მოამაგეა
ჩვენთვის ამ მერნის
გამომზერანი.
ცხენი - ცხენია,
მრავალ შრომისთვის,
არ-მოშიშარი
ომში ნარ-ეკლის,
თავის მრავალი
გამარჯვებისთვის
სიცოცხლეშივე
ღირსია ძეგლის!
მე ვეთანხმები
ახალგაზრდა ქალს,
ცხენი არ არის
თუმცა მედეა,
თუმც არც ვენერა
მილოსელსა ჰგავს,
თუმცა არც ძეგლის
მოიმედეა...

1930