ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ატესტატის წყალობით,
თვალმაქცური
სიტყვებით და გალობით -
სათავეში უდგა დაზგებს მუდამ.
ერთხელ ღამით
ის სალაროს ქურდავს,
და კედელზე
ცინიკურად, ცარცით სწერს:
„აღარა მაქვს
საგულეში გული,
მომაშველე
ო, ევროპა, ფული“!..
რამდენია
მისი მსგავსი ტიპი,
ევროპაზე
რომ ამყარებს იმედებს,
მავნებლობას
მოჭრილი აქვს ჭიპი.
ნუ იფიქრებ, რომ ის
არ გაგიმეტებს.
ჰქონდათ კლუბი
და ნამდვილად სურდათ
გადამთიელ გმირთან ძაფის გაბმა.
მაგრამ ბევრჯერ,
მისცა მასსამ ხურდა,
არ იძაფა
მავნებლობის ძაფმა.
მაგრამ იგი
არ უდრკება სიცხეს,
მისი გული
ისევ ღელვას
იწყებს,
როს ევროპა
ეხმარება ფულით.
ის მზად არის
სულითა და გულით
შემდეგშიაც
გამოგზავნოს თანხა.
აღმოსავლეთს
გადააქცევს ჯანყად,
მავნებელს სხვაც
შეცდომაში შეჰყავს,
ლაპარაკობს მედგრად
ენა მჭევრი:
„ევროპიდან
მივიღეო ცნობა,
აქ გვესმისო
თქვენი დიდი ძმობა,
იმუშავეთ
ნუ დაზოგავთ თავსო.
დააკვირდით
ხალხის კარგს და ავსო
და ისე კი,
ხელუხლებელ ფონდათ
ჩვენგან დიდი
იმედები გქონდეთ.
რა მოგვცაო
ხვალემა და ზეგმა,
დღესვე შევქმნათ
სამოქმედო გეგმა
დიამეტრად სხვანაირი,
ვინემ
გაგვიშალა აქაურმა
ვინმემ.
რა თქმა უნდა,
ჩვენ ვიქნებით მშვიდი,
ეს იქნება
საიდუმლო დიდი.
ჭერქვეშ
თუ დღის სინათლეზე, მარად,
ერთსულოვნად,
მედგრადა და ჯარად,
აქაც, იქაც,
ყველგან ვიყოთ, რომა
სასურველად
დაგვირგვინდეს შრომა“.
და დაიწყო
აგერ მიდის გლეხი,
გლეხური აქვს
ხელიცა და ფეხიც.
უეცრად
წინ გადაუდგა ვიღაც
და არწმუნებს:
„ყური მიგდე, მიხა,
რისთვის გინდა
ეს ტრაქტორი შენა,
გეხერხება
ისეც თავის რჩენა,
ეს ახალი ინვენტარი კიდევ
არ ყოფილა,
რომ მშვენივრად მკიდენ.
ეს ტეხნიკაც
ტექნიკაა მშრალი.
ევროპისკენ დაიჭირე თვალი.
კოლექტივში
მეურნეს რა უნდა?
მიქარვაა!
მისცხეთ ქვა და გუნდა.
ყური უგდეთ
რასაც იტყვის მღვდელი,
იგი არის
ქრისტეს სიტყვის მთქმელი.
ბობოლასაც
დაუჯერე შენა,
ჭკვიან რამეს
გეტყვის მისი ენა.
არ ერწმუნო
არც ეხლანდელ გაზეთს,
ჰაეროპლანს,
ავტოს და სხვა ასეთს.
მამა-პაპა
არა ცაში ცურვით,
ხომ იოლად
მიდიოდა ურმით?
ვინმემ მითხრას
ყმამა ანუ ბეგმა,
ვისთვის უნდათ
ხუთწლიანი გეგმა?
ხუთ წელიწადს
მთავრობა ვერ გასტანს.
კაცი კაცთან,
ძმა ვერ ცხოვრობს ძმასთან“,
და, გრძელდება...
აგერ მიდის მუშა;
კარგადაა
საქმე, არა უშავს.
უეცრად წინ
გადუდგება კაცი.
ეუბნება:
წასულია აწი
თქვენი საქმე, ამხანაგო მუშა!
მთავრობა გთვლისთ
გერადა და ბუშად.
აი, რას სწერს
პანაიტი (კაცი
პოეტია, არც თუ ისე
მკაცრი):
კავშირშიო
დაჩაგრული არის
მხოლოდ მუშა,
მსგავსი მომთაბარის
და მხოლოდ ის,
ის ყველაზე მეტით,
გაპარტახდა
ამდენ ჭაპან-წყვეტით.
და, გრძელდება...
გზა მიეცით ენებს,
მიაჭენებს,
მოაჭენებს ფენებს.
ბევრი კიდეც
წამოეგო ანკესს:
შემპარავს და
მაძინებელ ჰანგებს.
და, გრძელდება...
გულს ამბებით ნატკენს
აყოლებს რა,
დიაგრამებს ადგენს,
ან და კიდევ
კაბინეტში დინჯად
ფართო რუქას
ევროპისას შინჯავს.
ქინძისთავებს
ნიშნავს ცენტრებს, თავში,
სადაც თითქო
ამყარებენ კავშირს.
და, გრძელდება...
ხევენ კედლის გაზეთს
შეუმჩნეველ
და იდუმალ ბრაზით;
სწორედ იმ სვეტს,
სად ეცემა მუქად,
ხუთწლიანი
გეგმის მკვეთრი შუქი,
სპობენ წიგნებს
ყველგან, სადაც რომა
იმ ხუთწლიან
გეგმაზეა თხრობა.
აგერ მიდის
მოხსენება, თემა:
რა უნდა ჰქნას
ხუთწლიანმა გეგმამ.
უცებ ჩნდება
ხულიგანი ღამით -
მოხსენებაც
ჩაიშლება წამით.
დაერევა
არტისტებს და მხატვრებს,
ტერორის ქვეშ
დააყენებს კადრებს.
მოიმარჯვებს
ბუტაფორულ დაშნას,
ხელს შეუშლის
შეჯიბრების გაშლას,
ხელს შეუწყობს,
რომ გაცდენილ დღეებს
ატარებდენ
გამოუვალ ტყეებს.
ჩამობნელდა,
ელექტრონის ქარტა,
კინო-დადგმა,
კონცერტები,
ფარდა.
განადგურდა
უცებ პოლიტ-ლოტო.
(მოსყიდულო ხულიგანო,
ლოთო!)
მაგრამ მხარეს
და ფაბრიკის ცეხებს,
სამრეწველო რაიონებს,
გლეხებს,
ვერ აფერხებს
საოცრება რთული.
„მოგვაშველე, ო, ევროპა, ფული“.
და გრძელდება...
ანარხიის მთოველს
გაუმარჯოს
უგეგმობას ყოველს.
ძირს ხუთი წლის
გეგმიანი შრომა,
განადგურდეს
მეურნეთა ნდომა,
დიაგრამებს
წააწერეთ - 0,
უწდომელი
ფანტასტიკა - 0,
კოლექტივის საქმეებსაც - 0,
ერთი სიტყვით,
სულ ნოლი და ნოლი.
აპოლონის სამსხვერპლოსთან სტირის
ეხლა „წმინდა ხელოვნების“ გმირი.
მათი გეგმის
დევიზია რთული:
„მოგვაშველე, ო, ევროპა, ფული!“
ღვინოს არ ვსვამდი,
ეხლა დავიწყე,
ვარ სევდიანი
და გულმავიწყი.
მინდა ჩავფუშო
ხუთი წლის გეგმა,
გამომიგზავნე
ევროპა, ფული!
თვალი იცრება,
პრესა ხმაურობს,
რომ იგი მუშებს
აწინაურებს:
აწინაუროს
დღე მოვა კრული,
გამოგვიგზავნე,
ევროპა, ფული!!!
და მრწამს ერთი
ღმერთი ჩვენის მსგავსი,
შეისწავლეთ
ამნაირი მრწამსი:
მრწამს ყოვლის შემძლე,
ყოველგან მყოფი,
რომლის სახელი
არის ევროპა.
მრწამს მისი დროშა,
ხმალი და თოფი,
მრწამს მისი ლიგის
ენამჭევრობა.
მრწამს იმისი გზა
ომის და ძლევის,
მრწამს მისი ოქრო
შვენებით სრული.
არ ვუღალატებ
არასდროს დევიზს:
გამომიგზავნე,
ევროპა, ფული.
მრწამს მე ევროპის
ბრწყინვალე ღერბი,
მრწამს მშვენიერი
იმისი ჩანგი,
მრწამს მისი სული
ჯიუტი, კერპი.
მრწამს მისი გაზი,
ტყვიები, ტანკი.
მრწამს ის, მათრახად
სახელდებული,
მრწამს ის, მუშებზე
გამარჯვებული,
მრწამს, მარადის მრწამს
თქმა დიდებული,
ო, მოგვაშველე,
ევროპა, ფული!
მრწამს კოლონიის
აწიოკება,
მრწამს ინდოეთის
სიმდიდრე-განძი.
მრწამს სამუდამოდ
მოითოკება
ეგვიპტის ხლართი,
აფრიკის კვანძი.
მრწამს ლოურენსის
წანწალი, თრევა,
მრწამს ფაშისტების
ჰანგი ქებული,
მრწამს რომის პაპის
ლოცვა-კურთხევა,
გამომიგზავნე,
ევროპა, ფული!
მრწამს, მრწამს გავლენა
ევროპის კრეზის,
მისი ამაგი,
დიადი ღვაწლი.
მრწამს სასამართლო
და მისი ციხე,
პატიმარს სუნთქვას
ხომ არ დააცლის.
მრწამს საოცარი
ელექტრო-სკამი,
მრწამს ეშაფოტი,
ცხედრებზე რგული,
მრწამს ევროპის დღის
ყოველი წამი,
გამომიგზავნე,
ევროპა, ფული!
ო, მოგვაშველე,
ევროპა, ფული!
მრწამს, საბოლოოდ
რომ შეიქნება
შეერთებული
ევროპის შტატი,
მრწამს: მომავალი
ომების ცეცხლში
იქნება მათი,
ვის ხერხემალი
ექნეს მოქნილი,
იმას საგულეს
ექნება გული,
სხვა ხერხემალი
ფუჭია, ტყვილი,
ხერხემალია
ევროპის ფული...
გამომიგზავნე
ევროპა, ფული!
ო, მოგვაშველე,
ევროპა, ფული!!
1930