აი დასავლეთის ქარმა
ცაზე მიაბნ-მოაბნია
მუქი და სისხლისფერი
ღრუბლების აბრეშუმი.
ქვევით კი,
გაჰხედავ მინდორ-ველებს,
რომელსაც დაჰპატრონებია
თანამედროვეობის
კოლექტიური ხელები -
ფავნის თითებით,
რომლის კორძებიც
და ნაოჭები
მეტყველებენ
არაადამიანურ, გაუგონარ
საქმეებზე.
ეს გლადიატორული ხელი,
მუხის ფესვებივით
რომ ჩააფრინდა მიწას
(რა საწყენია
რომ ვერც ერთმა მხატვარმა
ვერ მოჰხაზა
ამ გიგანტური
ხელების ეტიუდი).
ამ ხელების
ოფლითა და სისხლითაა
მორწყული ეს მინდორ-ველი...
ეს ხელები
ადუღებს და ალაპარაკებს
ყველაფერს;
ხელებით,
ასეთი ხელებით
როცა ალებრივ
შრომა აენთება,
თანდათან,
თანდათან,
თანდათან,
ახალი
საქართველო შენდება.
1930