Litclub.ge

ყინვის ლოლუა
ყინვის ლოლუა. მღერის მზის სხივი.
მანამ იმღერებს, ვიდრე გადნება. 
ის აღარ ბრაზობს, არ იქადნება 
და სხივი მზისა სისხლში მიშხივის.
გარინდებული შევყურებ ამ მტრედს, 
კრამიტზე მდედრს რომ ეკურკურება, 
მოსწყინდა გუბეს ჩემი ყურება 
და ანარეკლსაც მზის სხივი ამტვრევს.
ამ სიმშვიდიდან ამოსვლას ვნატრობ, 
ვშიშობ, არ ვიქცე თვითონ სიმშვიდედ. 
მე მირჩევნია, მკლავებს მიშლიდე 
და ჩემთან ერთად გიგულო ამ დროს.
ჩავაშტერდები ამ მიწის წიაღს 
და გადავურბენ მიწის ზედა შრეს. 
ბოთლში ლალისფრად სძინავს ზედაშეს 
და ლალისფერში ჩამალულ წრიალს.
ისევ მიღრენენ გამქრალი წლები, 
მომავალი კი იქ, სადღაც არის - 
აუნთებელი ცეცხლის ნაცარი 
და იმ ნაცარში ჩაყრილი ძვლები.