ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ეს სურათი
საზღვარგარეთიდან
მოიტანა
ინჟენერმა მხატვარმა.
შეხედეთ!
დახატულია
ქოხი პატარა,
მოკლებული
სიმაგრეს და შალაშინს,
ძონძები და
ნამტვრევები რა და რა,
საწოლზე კი
ძონძებში და ჩალაში
რაღაც გალურჯებული,
გასისხლიანებული,
საზიზღარი, მიწამდე
გადმოქიანებული,
ნაფლეთებში, ნახევრად
გადაღრღნილი ძაღლებით,
ძაღლები ხომ ხარბია,
სტოვებენ და გარბიან.
ვინ ნახავს
სურათს უარესსა?
ამ სურათს ეწოდება:
„სიკვდილი
უმუშევრისა“.
არ დათვრები,
სანახავიც თალხია,
ეს მხატვრები
საოცარი ხალხია.
ეს მხატვარიც
კვიატკოვსკი,
როცა სურათს
წყდებოდა
ასე მეუბნებოდა:
ამხანაგო, იცი რა,
ნახე,
რა უფსკრულია,
როგორ სხვანაირია
ეს ფრაგმენტი სრულიად.
აი, რა განსხვავებას
აჩენს ქვეყნად ევროპა!
კაპიტალისტურია
მისი თანამდევრობა.
განსხვავების მდევარი
და სხვა არავითარი
აქეთ - უმუშევარი,
იქით კიდევ მდიდარი.
თუ მე ახლა
სხვას დავხატავ კარბას,
უზარმაზარს
და დიდებულ დარბაზს,
რომლის შუაგულში
გვირგვინთ მდელოებით,
მოოქრულ,
ბრწყინვალე სარეცელზე
გარემოხვეული
შემოსილი სამღვდელოებით;
ღრმად დაფიქრებული
ექიმებით;
გულმოდგინეობის და
ერთგულების
გამომხატველი
მოსამსახურეებით;
კართან მოწყენილი
რაშებით,
მოქვითინე ბავშებით,
სასოწარკვეთილი ცოლით;
თუ ამ სასოწარკვეთაში,
ამ ცრემლში,
ამ წყვეტაში
მე დავხატავ ადამიანს,
რომელიც
არასოდეს არ ყოფილა
მშრომელი,
რომელიც
აბრეშუმში, ხავერდებში
სულსა ლევს -
თავის მღვრიე,
უკანასკნელს,
ბინძურ სულს -
აჰა,
ის უკვე მკვდარია...
შენ იტყვი:
ეს მდიდარია.
არ უნდა
მას დიდი მიგნება.
კონტრასტი
ნათელი იქნება.
ორთავ ხელი
მუმია -
ყვითლად დაკორძებია.
აქეთ
აბრეშუმია,
იქით კი -
ძონძებია.
ჩვენი საქმე
არის სულ სხვა გვარადა,
მისთვის ჰქრიან
ეს ბორბლები ჯარადა!..
1930