ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
ჩვენ გავიარეთ სოხუმი, გალი,
ახალსენაკი, ზუგდიდი, ფოთი,
იქ ათასობით კაცი და ქალი
გვხვდებოდა, როგორც შავი ზღვის შფოთი.
ჩვენგან ისმენდენ მძაფრი ლექსების
რევოლიუციონურ აღფრთოვანებას.
ტრუბადურები ახალი გზების
ჩვენ ვასრულებდით მასსის ბრძანებას.
მგზავრობა გვქონდა ჩვენ ჩქარი,
გემით, ცხენით თუ ავტომობილით,
დე, თან მოგვდევდეს წვიმა და ქარი,
უუძველესი ჩვენი ძმობილი.
ვიყავით ცის ქვეშ, თუ ახალ სახლში,
ჩვენ კმაყოფილი ვიყავით მითიც,
რომ მივცურავდით ამ სიახლეში
და, საქართველოც საითკენ მიდის.
1931