- ჩვენ დავინიშნოთ ეს ადგილი -
ამბობდი შენა,
ვრცელ უდაბნოში, სადაც ქვიშის
ისმოდა ქშენა.
როგორ გვახსოვდეს? ავიხედეთ
ჩვენს სწორად, თითქო,
ცაზე მსუბუქი,
მშვენიერი ღრუბელი იდგა.
- დავიმახსოვროთ ეს ადგილი,
ამბობდი კიდევ,
როს შენს ბაგეებს ვერ მართმევდა
ცისფერი რიდე.
როგორ გვახსოვდეს? იმ ადგილას -
ჩვენს სწორად - ნელი
იგივ მსუბუქი, მშვენიერი
იდგა ღრუბელი.
ადგილს, დანიშნულს ასე ნათლად
და ასე ზუსტად,
ამაოდ ვეძებ... მახსოვრობა
შემექნა სუსტად,
თუ გადინაცვლა არე-მარემ?
გუშინ კი, თითქო,
ცაზე, ჩვენს ზევით, ამ ადგილას,
ღრუბელი იდგა.
მაგრამ ყოფნაზე ბევრმა ქარმა
გადაიარა,
გადაიტანა ბევრი დარდი,
ბევრი იარა
და ბევრი რამე, უდარდელად
მჭვრეტი ციდანა,
ღრუბელთან ერთად ამოებამ
თან წარიტანა!
1935