Litclub.ge

ვუსურვოთ ესპანეთს
საღამო. ჩვენს სუფრას
უხვსა და განიერს
მოაწყდა სიუხვე
ბანანის, ატამის.
რატომღაც იგონებ
სხვა მრავალჟამიერს -
მეოთხე, მეხუთე
მუხლამდე ატანილს.

ბევრგვარი უნახავს
მგზავრ პოეტს მწვანილი,
ამჟამად მას მხოლოდ
ერთი რამ აოცებს:
რაგვარად მიაგავს
ქართველს ესპანელი -
არც ბორდო ათრობს და
არც ცეკვა აოსებს.

სწორი ხარ, სწორი ხარ!
ნეტავი მსგავსება
იყოს და კიდევაც
სჯობნიდნენ ერთმანეთს,
იმგვარის დროშებით
და შრომით ავსება,
როგორიც ჩვენშია,
ვუსურვოთ ესპანეთს!

წეღან კი ამ კაფეს
ზმანებას ვადრიდი,
ესმით კი? ესმით კი? -
როდესაც ჯაზია,
რა ალში ეხვევა
ლამაზი მადრიდი,
ის კატალონია
და ანდალუზია!

1935