Litclub.ge

ობლები ყინვაში
ჩემში დემონი ვინ ჩაასახლა?!
რამ შეიწირა წარსული სახე?!
ღმერთო! ბუხრისწინ რა მინდა ახლა,
როცა ყინვაში ობლები ვნახე...
ეს რა ასპიტი მეფობს ქუჩებში,
ამდენი გესლი საიდან გერგოთ,
რომ წინგამოწვდილ, დამზრალ მუჭებში
ბინდგარეული გულები გედოთ.
მინდა თქვენს ფერხთით გავთავდე დღესავ,
ვინემ ამ ცოდვის ბურუსი ვზილო;
ვინ გიანდერძათ ამდენი კვნესა!
ამდენი ცრემლი საიდან, შვილო!..
მაგრამ, თავს რადღა დავწამო ცილი,
გავიავთვალო ძალისძალ დარი,
როცა თქვენს ქუჩას ვერ გამოვცილდი,
და ეხლაც იქავ ვაგდივარ მკვდარი.