Litclub.ge

ზღვა-ზღვა, მთა და მთა
ზღვა-ზღვა, მთა და მთა
მთა-მთა, ტყე და ტყე
მარად დღე ჩვენი
იყო წამება,
ჩვენი ცისკარი,
ჩვენი შუადღე,
ჩვენი დილა და
შემოღამება.

რა მწუხარება,
რა ჩრდილთა ღვარი
ახმაურებდა მაშინ
სტრიქონებს.
უფრო და უფრო
ხმაურობს ქარი,
თითქო იმ მწარე
დღეებს იგონებს.

შურისძიების
გვკლავდა წყურვილი
და ის წყურვილი
ვერ მოვიკალით.
ცა შავად იყო
გადაბურვილი,
ასწლოვან ხეებს
არყევს გრიგალი.

ქვეყნად ბნელოდა,
მთა მოიკუპრა,
წინათგრძნობებით
თრთოდა ხეხილი.
უფრო და უფრო,
უფრო და უფრო,
უფრო და უფრო
ჰქუხს ქარტეხილი.

იმ შავბნელ ხანას
ფიქრთ გასართველი
აქ სამუდამოდ
ფრთა მოეკვეცა.
ეხლა მე ვხედავ
თუ ზღვამან ვრცელი
ვით შთაისუნთქა
ხალასით ზეცა.

ოცნება მხარეს
ვით ეფერება,
ჩვენი სურვილი
როგორ ასრულდა,
როგორ დააცხრა
ქვეყნიერებას
მეხის სისწრაფე
იმ დასასრულთა.

მე ვხედავ, როგორ
გაეხსნა ხელი
ენგურს და არაგვს,
ფაზისს და ჭოროხს,
და მიყვარს დროშა,
რომელიც წრფელი
მიენდო რჩეულს,
რომ ეამბოროს.

1935