ჩემო ლექსებო, მარად
გქონდეთ მსუბუქი ფრთები...
აყვავებული მდელო,
გასაოცარი მთები!
რუსთაველი და მშვიდი?
დამშვიდება და ვაჟა?
აწმყოს დიდება დიდი
და დღეს მომავალს ვაშა!
ჩვენი სტალინის მარად
ძლევამოსილი დროშით
წინ, ახალ-ახალ ნათელ
გამარჯვებისკენ, მხარევ!
განადგურებულს ძველი
ყინვით, სუსხით და თოშით -
აწ მარგალიტად გთვლიან,
სხვა ქვებში რომ ვერ გარევ!
გალაკტიონი ხედავს,
რა სასწაულებს ახდენს
ის გამარჯვება, რითაც
სუნთქავს მშობელი ერი,
იმ უბოლოოდ მედგარ
და საიმედო საყრდენს -
წინსვლას, რომელსაც ვერ სძლევს
ვერავითარი მტერი!
1938