Litclub.ge

სალამი ახალგაზრდობას
ბედნიერების ახალი წიგნით
შეაღებთ კარებს.
თავდადებითაც შეაღეთ: შიგნით
აზრი ელვარებს!
გვაქვს საგანძური: მეცნიერება,
რომლის სიმდიდრე
არ დაილევა, ქვეყნიერება
არსებობს ვიდრე.
ყოველი წვეთი დაღვრილი სისხლის
გვითითებს ფარად
წიგნთან სიფხიზლეს, ომში სიფხიზლეს,
სიფხიზლეს მარად!

ვეფხვებს სალამი! ვძლიეთ სიძნელე,
გზად რომ დაგვედვა.
ვძლიეთ სხვა მტერიც: ვძლიეთ სიბნელე
და კარჩაკეტვა.
აზრს თვით ბუნება - უამურ იჭვით
რომ იბურება,
უანგარიშო მადლით და ნიჭით
ემსახურება.
ხალხისთვის, როცა ის ასეთნაირ
შრომას ჩაერთო,
მეცნიერება, როგორც ჰაერი,
გახდა  საერთო!

თქვენ, როგორც ახალ დროის სიალე,
მომავლის სახე,
იმ კარგ მომავლის იმედი, ძალა
და სიამაყე -
თქვენით წყვდიადის შავს სადარაჯოს
ძალა ეცლება.
ბრძნულს, სამართლიან აზრს გაუმარჯოს,
ძირს უმეცრება!

1939