ჩემი სამწერლო მაგიდის ფეხზე
მიბმული ჭინკა
ტირის: რად გინდა, რად გინდა ლექსი
და ალის ჭიქა?
რად გინდა ბროლის რიტმი, მუსიკა?
სიკვდილი გელის!
წრიალებს ჭინკა, ხმაურობს ჭინკა
და მწარედ მწყევლის.
არის აქ შეშლა და ჯოჯოხეთი
თუ ისტერია -
შენ მართალი ხარ! მართლაც, რომ ბედი
არ მიწერია!
შენ მართალი ხარ! ლურჯი ედემი
ქარმა დაბურდა,
მაისი გაჰქრა და ბაღი ჩემი
გაუდაბურდა!
უჩინრად რბიან დღენი და თვენი,
არ ვთვლი მათ დენას
და გამარჯვება, უდაბნოვ, შენი
მე მართმევს ენას,
საუკუნეთა ვდგევარ წინაშე
ასე გულმკვდარი,
თან ქვითინებენ: ჭინკა ბინაში
და გარედ ქარი.
1940