Litclub.ge

* * * მას შემდეგ, რაც ზღვა და მიწა...
მას შემდეგ, რაც ზღვა და მიწა
მოსწყდნენ სამშვიდობო კერას,
ერთი წუთი და წამიცა
საუკუნეთ უდრის ჟღერას.

სადიდხანოდ სარაინდოს
დასძახოდეს ცივი ქარი:
„ძმამ თვისი ძმა არ დაინდოს,
მეგობარმა - მეგობარი.

სიკვდილი მას, ვინც გასცვალოს
სიყვარულში მტრობის ბნედა,
მას, რომელმაც შეიბრალოს
ძმა, მამა და თუნდაც დედა“.

პირველი ძმა:
„ნუთუ მოგკალ... და მე ძმა ვარ?“
მეორე ძმა:
„მომკალ, მაგრამ იყავ მცნობლად,
ქართლში შენ არც პირველი ხარ
და არც უკანასკნელი ხარ,
როს ძმა ძმას ჰკლავს დაუნდობლად“.

აწ სამშობლოს არე-მარეს,
მტრისთვის გზა აქვს ჩაკეტილი:
ახსოვს ის დრო, როგორც მწარე,
საშინელი გაკვეთილი.

1940