ოდეს ართობს მტერს
ცდა ხალხის ღონის,
სისხლი, ბორკილი
და საპყრობილე -
ურყეველად დგას
შენი პროფილი,
ბრწყინვალე სახევ
კავკასიონის!
იმ მტაცებელთა
რიგი სხვადასხვა
აქ მოეხეტა
და სცდიდა ღონეს,
ხომ განადგურდა
მისი თავდასხმა -
შენით, არმიავ
კავკასიონის!
ვინ გაუბედა
გზა მეწამული
საყვარელ მთების
მშვენიერ ჩარჩოს?
ბერია! კლდეთ სდგას
შენი მამული!
კავკასიონის
შუბლს გაუმარჯოს!
სანაპიროზე
მედგარი მღერით,
გადმოედინა
ტალღა ძლიერი.
სვლა იყო მწყობრი,
ვით ფხიზელ გუშაგს,
წითელი დროშა
მიჰქონდა მუშას.
იმ საამური
და სანეტარო
დროშის ფრიალი,
ნათლის ფრიალი,
იმ სიმღერებში
შრომის სამყაროს
თავდადებისა
იყო გრიალი.
აღტაცების ხმა
გაისმა ხალხში,
როდესაც მის წინ,
ვით უეცარი
სვეტი, დროშებში,
თოფ-იარაღში
და ყვავილებში
გამოჩნდა ჯარი.
და ამნაირ გზას
მზიური ჩრდილით
მეორეგვარი -
სხვა შეეწყობა.
სიმღერა ისმის
მეტის ქუხილით,
შეერთებული
წინ მიდის წყობა.
რას ნიშნავდა ეს -
თუ ამას არა:
ცხრაას ჩვიდმეტით
აღმოხდა მნათი,
ოდეს ჰქუხდა ხმა:
„თქვენი მაზარა
იგივეა, რაც
ჩვენი ხალათი“.
თქვენი მაზარა,
ჩვენი ხალათი
ეს ისაა, რომ
ერთნი ვართ, ძმებო!
ჩვენს განშორებას
ცდილობს ჯალათი,
მაგრამ ის სცდება,
სასტიკად სცდება!
და უმალ მაღლა
ისროდა ქუდებს,
გლეხი და მუშა,
ხალხი და ჯარი:
ძირს ფაშისტები!
მუსრი იუდებს,
ძირს დამპყრობელთა
გზა საზიზღარი!
1941