Litclub.ge

პირველი მაისი
ქუჩებსა და მოედნებზე მიდის, როგორც ქარბუქი -
ათასობით ქალიშვილი, მოხუცი და ჭაბუკი.
დემონსტრანტთა კოლონები სიხარულის ლივლივით,
სანაპირო ქუჩას ავსებს დილის ჟივილ-ხივილით.
ეს მაისიც მთელ ქვეყანას ესალმება რტომრავალს:
- გაუმარჯოს პირველ მაისს, მთელი ქვეყნის მომავალს!
და პასუხად გამოისმის ათასი ხმით ძახება,
სახლებს გრგვინვა დაემჩნევა, ჰაერს აცახცახება.
წინ მიიწევს პიონერი, როგორც კაცი პირველი,
შემდეგ მიჯრით მიწყობილი მიდის კომკავშირელი.
ქუჩა - სავსე სიხარულით და პასუხის მიგებით -
დაამთავრებს სვლას წითელი ჯარის მებრძოლ რიგებით.
ურიცხვია ლოზუნგები, მოედნებს რომ მოსდევენ
და ყოველმხრივ ახალგაზრდებს მედგრად მოუწოდებენ,
რომ იბრძოლონ, როგორც ითხოვს მძლე სახელი გმირისა,
განამტკიცონ ძლიერება საბჭოთა კავშირისა!
გაზაფხული მთელ ქვეყანას ესალმება რტომავალს:
- გაუმარჯოს პირველ მაისს, მთელი ქვეყნის მომავალს!

1941