მთებს გახედე, რატი!
გაზაფხული მიწას,
როგორც ანდამატი,
სივრცისაკენ იწვევს!
აი, მთაზე დნება
ლანდი ნისლის ტოტის,
კვლავ იღვიძებს ნება:
გაზაფხული მოდის!
აბიბინდი, მდელოვ,
ახმაურდი, კორდო!
დედამიწა მთელი
ყვავილებმა მორთო.
მოჰქრის ქარი მთების
და ბაღების უბეს
აფრქვევს ყვავილების
სურნელოვან ღრუბლებს.
გიყვარს ველად გავლა
და მწვერვალზე ადი:
თავდადებით სწავლაც
მწვერვალია, რატი!
იგიც მერმისს იწვევს
და მზით აკაშკაშებს
თავისუფალ მიწის
თავისუფალ ბავშვებს.
1941