დაიძრა ქვეითი ჯარი,
აქუხდა არტილერია.
კვლავ საზენიტო გრიგალის
მალ-მალი ხმა შეერია.
გლეჯენ, სრესავენ მტრის ტანკებს
გზებზე ტყვიების მტვერია.
ხანძრებს - ზეაწვდილს ცათამდის,
ღრუბლები დაუფერია.
აწ საქმე მიდგა ცხენზედა,
ცხენიც აფხაზის ჯერია.
უნდა გენახათ იმ ცეცხლში
რა ფიცხი და ძლიერია.
არა ერთს და ორ ქარიშხალს
და გრიგალს გადამწვდენარი,
ტყვიების სტვენას ხვდებოდა
ჩემი ფრთიანი მერანი.
თოვლი, მიდამო ტრიალი,
მიყრუებული შარები,
მივადგებოდით ქალაქებს:
აბა, გაგვიღეთ კარები.
ეხლაც საქმე დგას ცხენზედა,
ცხენი კი ჩემი ჯერია.
ერთობ ბევრი რამ გადაგვხვდა;
სწორედ რომ ასაწერია.
1941