ჯიმ, მომეც თათი შენი მე ბედად,
არსად მინახავს ასეთი თათი,
მოდი, შევყეფოთ ჩვენ მთვარეს ერთად,
როს ჩუმ ამინდში ცაზე წევს მნათი,
ჯიმ, მომეც თათი შენი მე ბედად.
ნუ მლოკავ კარგო, ნუ გაწყენს ქება,
გაიგე ჩემი — ტანჯვით თუ ლხენით —
ო, შენ არ იცი, რაა ცხოვრება,
ამქვეყნად რომ ღირს სიცოცხლე ჩვენი.
გყავს შენ პატრონი ცნობილი, სათნო,
სტუმრობენ თქვენს სახლს მანდ არაერთნი,
ყოველი ღიმილს აფრქვევს, პირბადრობს,
ხელს გავლებს ნაზად ბეწვზე ხავერდის.
მშვენიერი ხარ, ვით ჭინკა, ალი,
ამო ზმორებით, ფრთხილად, ნელ-ნელა, —
სტუმრების ფაქიზ ალერსით მთვრალი
მათკენ მიიწევ შენ საკოცნელად.
თქვენს სახლში გააქვთ ერთი რიალი
სხვადასხვა ჯურის ხალხს, ვისაც სუნავ,
მაგრამ, ის, ჩუმი და ნაღვლიანი
მანდ შემთხვევით ხომ არ შემოსულა?
ო, იგი მოვა, პირობას გაძლევ,
და როს შეხედავ მშვიდი სახითა,
დაკოცნე ხელი მისი ჩემს ნაცვლად,
ჩემ შეცდომათა გამოსასყიდად.
შენ თქვი, დიაცს მარტო მკერდზე
ჰკოცნიდაო ის — საადი,
მაცალე, რომ მეც შევიგრძნო
ამგვარ კოცნის ეშხ-ლაზათი.
ღიღინებდი: „მოკვდავ ქალის
მჯობი ვარდი ევფრატს ჰყვავის“,
მდიდარი რომ ვიყო ახლა,
მივუძღვნიდი ყოველს სხვა ვის!
ავაწყვეტდი იმ ნაზ ვარდებს
ცვრიან მიწას — მათ სავანეს,
რომ ვერავინ სიტურფეში
ვერ ედაროს ნაზ შაგანეს.
ნუ მაწამებ მაგ რჩევებით,
კარგი, ნუ დამასხი რეტი.
მე პოეტად გავჩნდი ქვეყნად,
ვიკოცნები, ვით პოეტი.