Litclub.ge

ზამთრის გზა
ტალღისებურ ჯანღში ნელა
დის მთოვარე მოლივლივე
და ნაღვლიან ველებს იგი
ნაღვლიანად აფენს სხივებს.
ზამთრის თეთრ და პირქუშ გზაზე
მირბის ეტლი ჩემი მკვირცხლი,
ჟამხშირად და მომქანცველად
აწკარუნებს ეჟვანს ვერცხლის.
აქვს სალბუნი რა ნაცნობი
ამ მეეტლის გრძელ სიმღერას!
ხან გულს ართობს უზრუნველი
და ხან დიდი სევდით სერავს.
არსად ცეცხლი, შავი ქოხი...
სიყრუე და თოვლი არი,
ჩემი ეტლის შესახვედრად
რბის ბოძები ზოლიანი.
ნინა, კარგო, მე ხვალ ამ დროს
შენთან მოვალ გულის ძგერით
და ბუხრის წინ დავფიქრდები
ვერგამძღარი შენი ცქერით.
მოწიკწიკე ეგ საათი
გადაითვლის ბოლო წამებს,
სამუდამოდ შეერთებულთ
ვეღარ გაგვყრის შუაღამე.
დღეს კი... გზაა სევდიანი,
ზანზალაკი აკრთობს არეს,
თვლემს მეეტლე კოფოზე და
ჯანღის ფთილა ფარავს მთვარეს.